ადამიანები, რომელთაც სურდათ, რომ გუშინ აქციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებები გაეჟღერებინათ, იყვნენ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს ქვეყანა და სამყარო მიხეილ სააკაშვილის გარშემო ტრიალებს. ისინი ამ გულწრფელობით ერთგვარ დემასკირებას უკეთებდნენ აქციის იმ ნიღაბს და იმ კამუფლაჟს, რითაც ის იყო შენიღბული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„აქცია, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობოს სახლით იყო დაანონსებული და იმართებოდა, იყო უბრალოდ შენიღბვა იმის დასამალად, თუ რა იდგა ამის უკან რეალურად. როდესაც არასამთავრობოები აანონსებენ აქციას იმისთვის, რომ ხელისუფლება გადადგეს და რაღაც ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ, ვისაც პოლიტიკის ანაბანა გაეგება იცის, რომ ეს არის უდიდესი ნონსენსი და საერთოდ გაურკვეველი რამ. ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შემჩნეული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით მოქმედებაში. ზოგიერთი მათგანი ჯერ ხელისუფლებაში იყო და მერე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. ეს აქციაც ორგანიზებული იყო თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ მიზანი ჰქონდათ ერთი, რომ მომხდარიყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით. უნდოდათ არსებული ხელისუფლება მიტინგით გაესტუმრებინათ და შემდეგ მიტინგით შეექმნათ რაღაც ტექნიკური და დროებითი მთავრობა, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას პოლიტიკოსებს გადააბარებდა. ეს იყო მთელი აქციის დედაარსი და კეთილშობილური ლოზუნგები, რითაც ეს ყველაფერი დაიწყო, რომ დემონსტრირება უნდა მომხდარიყო ქართველი ხალხის სურვილის - რომ სურთ ევროპა, ამან განიპირობა პირველ აქციაზე ხალხის სიმრავლე. დროთა განმავლობაში, როდესაც დღის წესრიგი უფრო ნათელი გახდა და შინაარსი უფრო და უფრო ზედაპირზე ამოდიოდა ბუნებრივია აქციამაც დაკარგა სამოქალაქო მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.