ჩემდა სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა, როდესაც საზოგადოება არის უფრო მოწოდების სიმაღლეზე, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რაღაც პროცესს ხელმძღვანელობენ ხოლმე, - ასე აფასებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“.
ლევან იოსელიანის თქმით, საზოგადოებაში არ არსებობს მოთხოვნა იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ასეთი ქაოსური, გაუგებარი პროცესებით.
„დავინახეთ, რომ უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, სამჯერ გამოვიდა ქუჩაში, მთლიანობაში ალბათ, 100 ათასი ადამიანი, მხოლოდ ერთი მოთხოვნით და ეს მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ გადაუხვიოს დასავლურ კურსს. ეს ხალხი არ გამოსულა რომელიმე პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის ან აქტივისტების ჯგუფის მხარდასაჭერად, ვერცერთი პარტია ვერ შეძლებდა საქართველოში ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანას.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ რევოლუცია არის ძალიან ორგანული რამ და თუ ეს შესაძლებლობა ექნებათ, ამაზე უარს, რა თქმა უნდა, არ იტყვიან, მაგრამ მეორე საკითხია, რომ მათ არ აქვთ ამისი რესურსი დღეს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობს მოთხოვნა იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ასეთი ქაოსური, გაუგებარი პროცესებით. საზოგადოებაში არის კონკრეტული დაკვეთები, მაგრამ არ არის დაკვეთა ძალით და რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებაზე, ამას უნდა გაუსწოროს ყველამ თვალი.
არ შეიძლება ძალიან კონკრეტული დაკვეთა, რაც არის საზოგადოებიდან, ეს ასე „გაბლარო“ და გაუგებარ მოთხოვნამდე დაიყვანო. ეს ხალხი არ გამოსულა ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით, ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ეს ხალხი გამოვიდა კონკრეტული მოთხოვნით, რომ ოპოზიციამ, პოლიტიკოსებმა იმუშაონ იმ 12 პუნქტზე, რაც ბრიუსელიდან გამოიგზავნა საქართველოში და რაც არის ჩვენი საგზაო რუკა. როგორც კი ვიღაცამ დაიწყო ამ გზავნილის მორგება თავის პარტიულ თუ არასამთავრობოს ინტერესზე, მაშინვე ამ ადამიანებმა მიატოვეს აქცია და წავიდნენ სახლში. როდესაც არის სწორი მოთხოვნა, როდესაც თანხვედრაშია ორგანიზატორების მოთხოვნა ხალხის მოთხოვნასთან, იქ ადამიანების რიცხვი არა თუ მცირდება, არამედ მატულობს. სადაც არის აცდენა, ჩვენ ვნახეთ რომ იყო აცდენა, მაშინ, რა თქმა უნდა, ადამიანები ტოვებენ შეკრების ადგილს იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ თავიანთ გზავნილებს იმ გზავნილებში, რასაც ორგანიზატორები აჟღერებენ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის შეფასებით, თუ აქციებს სათავეში არასამთავრობოების ნაცვლად პოლიტიკოსები ჩაუდგებიან, მაშინ „ამ შემთხვევაში ხალხი არ გამოვა, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც საქართველო იმყოფება, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ის რესურსი, ის წონა, რეპუტაცია, რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში“.
ლევან იოსელიანმა გადაცემაში კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში ჩართვასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც „მოქალაქეებიც“ იმყოფებოდნენ.
ლევან იოსელიანის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვერ შეჯერდნენ, თუმცა, მისი აზრით, არასწორია, როცა ამ პროცესს კობახიძის ან „ქართული ოცნების“ პროცესს არქმევენ, „ეს არის ის პროცესი, რომელიც ევროკავშირმა წამოიწყო საქართველოში“.
„ვერ შევჯერდით, იქ არის განსხვავებული მოსაზრებები, ვიღაც თვლის, რომ ამ პროცესში შესვლა არის არასწორი, დამაზიანებელი, ვიღაც თვლის, რომ რაღაც პირობების დათქმით უნდა მოხდეს, ვიღაც თვლის, რომ უნდა შევიდეთ და პროცესში ვნახოთ, როგორ იქნება. არასწორია, როცა ამას არქმევენ კობახიძის ან „ქართული ოცნების“ პროცესს, ეს არის ის პროცესი, რომელიც ევროკავშირმა წამოიწყო საქართველოში, როდესაც მან გამოგზავნა საქართველოში 12-პუნქტიანი რეკომენდაცია.
რაც შეეხება იმას, რამდენად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციებს შეასრულებს, მე არაფერში არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მე მინდა ვიყო პირნათელი პირველ რიგში, ჩემს ამომრჩეველთან, იმ ხალხთან, ვინც ქუჩაში გამოვიდა და ძალიან ნათელი დავალება მოგვცა, რომ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირის დღის წესრიგზე და პირნათელი უნდა ვიყოთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან, რომლებმაც გამოგზავნეს 12 პუნქტი, სადაც ჩაწერეს, რომ ეს ოპოზიციასთან ერთად უნდა იყოს მიღწეული.
მე შევეცდები ჩემი პოზიციის მართებულებაში დავარწმუნო ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, ვისაც სხვა აზრი გააჩნია და ჩვენ დავიწყოთ ეს პროცესი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი არ უდგას წინ იმას, შენ თუ ხედავ, რომ ეს არის ფარსი, „ქართული ოცნება“ ამას უბრალოდ დროის მოგების მიზნით აკეთებს, დათმობებზე არ მოდის, საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც გთავაზობს, კონტრპროდუქტიულია და ვერ იქნება შედეგის მომტანი, უბრალოდ ეს მტკიცებულებების სახით აღრიცხო, დააგროვო და მერე დადო საზოგადოების წინაშე და თქვა, რომ „მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს პროცესი ყოფილიყო წარმატებული, მაგრამ ამიტომ ვწყვეტ ამ პროცესს“.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამაზე უარის თქმას, ამ პროცესზე უარის თქმას, ამ პროცესის იგნორირებას, „გაბლარვას", გაბაიბურებას ჩვენ არავინ არ გვაპატიებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.