დღეს ბიძინა ივანიშვილი ბათუმს ეწვია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი სასამართლოს შენობასთან შეკრებილ დევნილებს გაესაუბრა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მათი პრობლემების მოუგვარებლობის გამო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" გუნდი ვალდებულია დევნილების საკითხი მოაგვაროს.
"დამატებით სახსრებს ვიზიდავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველანი დავაკმაყოფილოთ. დღეს რაც მოითხოვეს, რომ მათ მიიღონ სახელმწიფოსგან გარანტია, დღეს თუ ვერა, ცოტა გვიან მიიღონ ბინები, ამაზე დავიწყებთ მუშაობას. ძალიან განვიცდი და დღეს ათასჯერ ბოდიში მოვიხადე, ახლაც შემიძლია ბოდიში მოვუხადო მათ. აქ არ იკვეთება პირდაპირ ჩემი ბრალეულობა, მაგრამ დღეს ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, მათ მეტი გზა არ აქვთ, ჩვენთან მოდიან, ჩვენ ვალდებულები ვართ და ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ბათუმს ეწვევა და დევნილთა საკითხს შეისწავლის.