“სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია ორშაბათს პარალელურ გეგმას წარადგენს, რომელიც საქმესა და შედეგზე იქნება ორიენტირებული. მან ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს და აღნიშნა, რომ " ქართულ ოცნებას" საქმის კეთება არ უნდა, ცრუ საქმეში კი მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ცრუ საქმეში მონაწილეობას არათუ ჩვენ, არც არავინ აპირებს. არავინ არ მიიჩნევს, რომ კობახიძის გუშინ წარმოთქმული ცრუ გეგმა რაიმეს შეცვლის. ჩვენ გეგმას დაელოდეთ, აქციის შემდგომ პარალელურ გეგმას მოისმენთ, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც საქმესა და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ გვინახავს "ქართული ოცნების" მხრიდან შექმნილი კომისიები, ასევე ხშირად მინახავს, რომ ოპოზიცია მიდის და თავად იმალებიან. ამ ხალხს საქმის კეთება არ უნდა. რაც შეეხება რეალურ გეგმას, ჩვენ ამას აუცილებლად დავდებთ ორშაბათს. ჯერი ქართულ ოცნებაზე" იქნება. რაც უფრო მეტად გაგვიძალიანდებიან, მით უფრო მწარე იქნება მათი ბედი, რასაც მიიღებენ", - აღნიშნავს ვაშაძე.
კითხვაზე, თუ რა ფორმატში ითანამშრობლებს "ქართულ ოცნებასთან", ვაშაძე განმარტავს, რომ მმართველ გუნდს მაშინ შეხვდება, როდესაც შეხვედრას ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.