ანრი ოხანაშვილი უარყოფს, თითქოს ვატო წერეთლის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფაზე მას რეაგირება ფაქტიდან ნახევარი საათის შემდეგ ჰქონდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, ნახევარი საათი რატომ იყო ჩუმად და შემდეგ რატომ მოახდინა რეაგირება.
„არავითარი ნახევარი საათი. ეს საიდან?! ეს ახალი დეზინფორმაციაა. რა ნახევარ საათზე საუბრობთ?! ეს წუთებში მოხდა. თქვენ გჯერათ მისი და მას ჰკითხეთ. ეს წუთებში მოხადა. გამოვიდეს და თქვას, რატომ მოვიდა ჩემთან? რისთვის მოვიდა? გამოვიდეს და თქვას!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე განმარტებით, მან ვატო წერეთელს წუთებში მოსთხოვა პასუხი და ჰკითხა უბინძურესი საქციელი რატომ ჩაიდინა. ოხანაშვილის თქმით, პასუხად წერეთელმა შეურაცხყოფის მიყენება გააგრძელა, რაზეც მან „ადეკვატური, არა ზღვარგადასული პასუხი მიიღო“. ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკადრებში ყველაფერი იქნება ასახული.
ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.