პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, პირველი მოსმენით, 72 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტს უმრავლესობის რამდენიმე წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათ შორის, სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თამარ კორძაიამ, გედევან ფოფხაძემ, ელისო ჩაფიძემ და სხვებმა.
ლევან ბერძეშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის ავტონომია უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით დაამტკიცეს:
"მე არ ვგულშემატკივრობ უნივერსტეტის რექტორს, მის გამო არ შემიკავებია თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან. მე არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს უნდა ხელმძღვანელობდეს კაცი, რომელსაც აკადემიური განათლება არ აქვს. არ მგონია, რომ ავტონომიურობა გაიზრდება იმით, რომ სახელმწიფო ასე ჩაერევა საქმიანობაში."
მისივე თქმით, ამ კანონში შეიძლება რამე კარგიც იყო, მაგრამ ვინაიდან დაინახა საფრთხე, რომ ავტონომიას რაღაც ემუქრება, მხარი არ დაუჭირა:
"მე მირჩევნია უნივერსიტეტმა არასწორად აირჩიოს რექტორი, ვიდრე ვინმემ, პრეზიდენტმა, პრემიერმა, სულერთია ვინ, დაუნიშნოს რექტორი."
ბერძენიშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ძალიან სასაცილოა, როცა უნივერსიტეტის ავტონომიაზე "ნაციონალები" ლაპარაკობენ:
"იყო სრულიად მიუღებელი ელემენტები "ნაციონალების" მხრიდან. ძალიან ბევრმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ კანდელაკის და "ნაციონალების" უზრდელური გამოხდომების გამო, თორემ შეიძლებოდა არ გასულიყო ეს კანონპროექტი."
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სჯობს უნივერსიტეტმა ცუდი რექტორი აირჩიოს, ვიდრე კარგი რექტორი დაუნიშნოს ხელისუფლებამ:
"კანონპროექტი მთლიანობაში შეიძლება კარგიც იყო, მაგრამ დანიშვნის ელემენტი, თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უქმნის სახფრთხეს რეალურად ავტონომიას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ავტონომია არის მაღალი ღირებულება და ჩვენ ის უნდა გავზარდოთ და არ უნდა შევამციროთ, არც დროებით, არც ერთი დღით, არც 17 დღით."
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს."
"კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ".
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას".