BBC: სარკინიგზო ტრანზიტის ბლოკადის გამო, რუსეთი ლიეტუვას აფრთხილებს

BBC: სარკინიგზო ტრანზიტის ბლოკადის გამო, რუსეთი ლიეტუვას აფრთხილებს

მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ კალინინგრადის ტერიტორიაზე ზოგიერთი საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტირება აკრძალა, მოსკოვი ვილნიუსს აფრთხილებს, - ამის შესახებ BBC წერს.

„რა თქმა უნდა, ასეთ მტრულ ქმედებებს ვუპასუხებთ“, - თქვა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

ლიეტუვა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის სანქციების შედეგია, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ამოქმედდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მოსკოვი „შესაბამის ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს“.

„მათი [მიღებული ზომების] შედეგები სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, - თქვა მან, თუმცა დამატებითი დეტალები არ განუმარტავს.

კალინინგრადი, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, არის სტრატეგიული რეგიონი, სადაც განთავსებულია რუსეთის ბალტიისპირა ფლოტის შტაბ-ბინა. რეგიონში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის, დიდწილად, ნედლეულისა და სათადარიგო ნაწილების რუსეთიდან და ევროკავშირიდან იმპორტზეა დამოკიდებული.