შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში არა 19 აპრილის შეთანხმებისკენ დაბრუნება, არამედ დეპოლარიზაცია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებით არის ნახსენები. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ რეკომენდაციის შესრულების საუკეთესო შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების პარლამენტში თანამშრომლობაა.
„დეპოლარიზაცია გულისხმობს, რომ სამუშაო გარემოში არის კონსტრუქციული დისკუსია, კამათი და გადაწყვეტილებების მიღება. არ არის აუცილებელი ყველაფერზე თანხმობა იყოს, მაგრამ საჭიროა იყოს დისკუსია, განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება. ამისთვის უნდა არსებობდეს ფორმატები და ეს ფორმატი არის პარლამენტი. დღეს პარლამენტში 9-ზე მეტი პარტიაა წარმოდგენილი. სწორედ იქ არის ადგილი, სადაც უნდა გამოვლინდეს ეს დეპოლარიზაცია იმ კუთხით, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იყოს მართალია ცხარე კამათი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მიღება დისკუსიის შედეგად. ჩვენ ამას ვთავაზობთ, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არსებული პარტიები უბრალოდ თავს იკეტავენ ნებისმიერი კონსტრუქციული დისკუსიისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.