შეთქმულების თეორიებით, რელიგიური ფანატიზმით და ანტივაქსერობით მასობრივად შეპყრობილი ჩვენი საზოგადოება არის სერიოზული მუხრუჭი( დიაგნოზიც), ქვეყნის განვითარების გზაზე – ამის შესახებ “ნაცონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გამოჩნდა იგი, ბუნკეროსანი, მერამდენედ მკვდრეთით აღმდგარი! გამომძვრალა პუტინი “კომიდან”. არა და, როგორ გაგვახარეს სერიოზულმა, ნახევრადარასერიოზულმა და არასერიოზულმა საინფორმაციო საშუალებებმა. უკვე მერამდენედ. მერე რა, რომ ასეთი ამბავი თვეში ერთხელ ვრცელდება მრავალი წლის განმავლობაში. ვიჯერებთ ყველა ჯერზე, ვპატიობთ ჩვენს თავს გულუბრყვილობას, რადგან ეს ხომ ძალიან გვინდა. სასურველის რეალობად წარმოჩენა ამ შემთხვევაში რაღაცნაირად გამართლებულია, რადგან განსაკუთრებულ ბოროტებასთან გვაქვს ხომ საქმე. ამიტომ შეღავათს ვუწევთ საკუთარ გამრუდებულ აზროვნებას.
პუტინი, როგორც იტყვიან, “ცხელი თემაა” და შეთქმულების თეორიის ახალი გამოვლინება. არც პუტინამდე ვაკლებდით. საქმე უფრო დიდ ილუზიებს ეხება. სინამდვილეში, ბევრი რამის გვჯერა, აშკარად დაუჯერებლისაც კი, იმაზე დაუჯერებლის, ვიდრე ერთი მოკვდავი ბოროტი არსების ირგვლივ განვითარებული ჭორებია( ორეულები, მონტაჟები, ბუნკერები და ა. შ.).
შეთქმულების თეორიებმა ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვა ჩვენში.
შეთქმულების თეორიებით, რელიგიური ფანატიზმით და ანტივაქსერობით მასობრივად შეპყრობილი ჩვენი საზოგადოება არის სერიოზული მუხრუჭი( დიაგნოზიც), ქვეყნის განვითარების გზაზე.
ქართული, საშუალოევროპულიდან საკმაოდ დაშორებული (განსხვავებული) აზროვნების სტილი ბევრი პრობლემის, მათ შორის ეკონომიკური სიდუხჭირის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ცნობიერება განაპირობებს ყოფიერებას თუ პირიქით, ფილოსოფიის მთავარი საკითხია. მიზეზობრიობის ეს დილემა კიდევ დიდხანს( მარადიულად თუ არა) იქნება დავის საგანი. ეს საკითხი ფილოსოფოსებისთვის მიგვინდია. ერთი რამ კი ცხადია-თავში რაღაც სხვანაირად თუ გაქვს მოწყობილი, კუჭის “მოწყობაზეც” გავლენას ახდენს.
კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო გარემოს რადიკალურად შეცვლა, მედის ხარისხის თვისობრივი ტრანსფორმაცია და რელიგიისათვის საკუთარი ადგილის მიჩენა-ესაა ის აუცილებელი რამ, რომლის გარეშეც ნამდვილი ევროპელი ვერ გახდები და იქნები სადღაც ევრაზიულ სივრცეში, სადაც ორიოდე დღის წინ მიგვიჩინა ფრანგმა მაკრონმა ადგილი. ისე, ჩვენი ფრანგიც აქვეა.“