ირაკლი კობახიძე: რეკომენდაციაში პრაქტიკულად გამეორებულია ის პუნქტები, რომელიც ისედაც შეჯერებული გვქონდა ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტში

ირაკლი კობახიძე: რეკომენდაციაში პრაქტიკულად გამეორებულია ის პუნქტები, რომელიც ისედაც შეჯერებული გვქონდა ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტში

ევროკომისიის რეკომენდაციაში ახალი მოთხოვნები ჩადებული არაა - პრაქტიკულად გამეორებულია ის პუნქტები, რომელიც ჩვენ ისედაც შეჯერებული გვქონდა ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საუბარია პოლარიზაციის შემცირებაზე, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ამაზეც იყო არასწორი ინტერპრეტაციები, თითქოს ევროკავშირმა ეს შეთანხმება აღადგინა - ეს არ გაკეთებულია. პირველივე წუთებში ოპოზიციამ ამ მოწოდების პირველივე პუნქტი დაარღვია. მათ დააანონსეს აქციები, დაიწყეს საუბარი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ცნობილი რიტორიკა პრორუსულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ, რეალურად, კარგად ჩანს, ვინ მოქმედებს ამ პუნქტების შესაბამისად და ვინ - არა. ასევე საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დამატებით უნდა გადაისინჯოს გარკვეული რეგულაციები. ამისთვის ჩვენ გამოთქმული გვქონდა მზადყოფნა და ეს გაკეთდება. სასამართლო რეფორმაც ასახული იყო ასოცირების დღის წესრიგში და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ შემდეგი სესიის განმავლობაში. ასევე საუბარია ანტიკორუფციულ ზომებზე, აქაც შეთანხმებულია შესაბამისი პუნქტი და გაგრძელდება მუშაობა. არის ასევე ე.წ. დეოლიგარქიაზაციის პუნქტი, რომელიც წერია სამივე ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენ მკაფიოდ გავეცით პასუხი ამაზე ოპოზიციას. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯი ოლიგარქების წინააღმდეგ, როდესაც სააკაშვილი ჩაჯდა ციხეში, კეზერაშვილზე აღძრულია საქმე. ოლიგარქებს უნდა ებრძოლოს ნებისმიერი სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი მოახმარა საკუთარ ქვეყანას, ოპოზიციამ კი 3 მილიარდზე მეტი მოჰპარეს ქვეყანას და გაძარცვეს ხალხი. ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების გამჭვირვალობაზე, მედიაგარემოზე და აქაც უზრუნველყოფილი იქნება იმის შენარჩუნება რაც გვაქვს დღეს - პლურალისტური მედიაგარემო და მედიასაშუალებების საქმიანობის სათანადოდ უზრუნველყოფა. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კუთხით ჩვენ ყოველთვის ვდგამდით ნაბიჯებს, თუმცა დაახლოებით 2017 წლიდან არასამთავრობოების ლიდერები არცერთ ოფიციალურ პროცესში არ მონაწილეობდნენ. ისინი ყოველთვის თავს არიდებდნენ ასეთ ღონისძიებებს. რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი ისედაც იყო გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგით და ეს რეფორმები აუცილებლად გატარდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

Aburjga Tasmanieli აქამდე ეჭვი მეპარებოდა, დღეს დავიჯერე, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომ ჩვენ გვყავდა 100 000 მოწამე, რომ წმინდა გიორგი ბასიანის ბრძოლაში დავით აღმაშენებლის მხარდამხარ იბრძოდა.... დიდება უფალს, რომ აგვარიდა იმ წუნწუხში, იმ მორალურ სიმდაბლეში, იმ მზაკვრობაში... შესვლას, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დიდგორის, დიდგორის... მაპატიეთ!
2 წლის უკან