თეა წულუკიანი: პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ ევროპისგან უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის, რაც არის მისაღები

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ ევროპისგან უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის, რაც არის მისაღები

ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინი. გარკვეული დესტრუქციული ძალები რა თქმა უნდა მოქმედებენ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი მათი მოკავშირეები იმისათვის, რომ როგორმე არ იყოს დადებითი პასუხი. ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინი ვინაიდან ჯერ კიდევ გვჯერა სამართლიანობის, გვჯერა სიმართლის. გვჯერა იმის, რომ ფაქტებია მთავარი და არა აღქმები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობა იმას კი არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვითხრან რა ჯობს და ეს იყოს თავს მოხვეული ჩვენივე ქვეყნისთვის, არამედ გვჯერა იმის, რომ ეს უნდა იყოს დიალოგი. ერები, რომლებიც ერთიანდებიან საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროკავშირი, ყველა ქვეყანა თანასწორია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი. ყველა სახელმწიფო თავისი ზომის, რწმენის, ენის თუ ანბანის მიუხედავად თანასწორია. თანასწორობის პირობებში ჩვენ მივიღებთ დიალოგის რეჟიმს, დადებით პასუხს და ამ დიალოგის რეჟიმში უნდა იკვეთებოდეს ევროპულ გზაზე როგორი რეფორმა სჯობს საქართველოსთვის. პრეზიდენტმა მხოლოდ ისეთი რამეები არ თქვა, რასაც კატეგორიულად არ უნდა დაეთანხმო. მან თქვა ასეთი რამ რაც აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის და უნდა დავეთანხმო, რომ ევროპისგან უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის, რაც არის მისაღები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.