,,მე არ ვიყავი ნაციონალი” – თუმცა ,,გული” საპირისპიროს ძგერს (Video)

,,მე არ ვიყავი ნაციონალი” – თუმცა ,,გული” საპირისპიროს ძგერს (Video)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელ-თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად დავით ზანგური გამოაცხადა. მის დანიშვნას ის პედაგოგები აპროტესტებენ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში სამსახურებიდან დაითხოვეს. ზანგურის წინააღმდეგ 4 000 ხელმოწერა შეგროვდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გათავისუფლებულმა პედაგოგებმა და ზანგურის კონკურენტმა კანდიდატებმა განუცხადეს.

საჩივარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკვე გაუგზავნეს. წერილობით განცხადებას ვიდეო-მასალაც თან დაერთო, სადაც ჩანს, რომ ზანგური ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურით მაშინდელი მმართველი გუნდის ყრილობებზე სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა და ორგანიზებას უწევდა. განცხადების ხელმომწერები მინისტრს დავით ზანგურის პოლიტიკური საქმიანობის და მის მიერ გათავისუფლებული პედაგოგების საქმის შესწავლას სთხოვენ.

კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაცია, ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი და კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე სამინისტროს თანაპარტიელი ელეონორა ჩიტაშვილის კანდიდატურას სთავაზობდდნენ, რომელმაც საგანმანათლებლო რესურცენტრის შესარჩევი კონკურსის რამდენიმე ეტაპი ასევე წარმატებით გაიარა. თავის დროზე, ჩიტაშვილი სოფელ ოკამის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ნიშნით და უშუალოდ დავით ზანგურის მონაწილეობით მოხდა.

რესურცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას კასპიდან სულ 5 კანდიდატი იღებდა. აქედან ქულათა ბარიერი სამმა გადალახა. გასაუბრებაზე კი სამინისტრომ დავით ზანგურზე შეაჩერა ყურადღება.

დავით ზანგურის განცხადებით, კონკურსის შედეგების მიხედვით, ის საქართველოს მასშტაბით ათეულში მოხვდა, რომლებაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს: ,,მე სხვის შედეგებს არ შევეხები, მხოლოდ, აღვნიშნავ, რომ საქართველოს მასშტაბით მოვხვდი საუკეთესო კონკურსანტების ათეულში. მე არავის წყალობით არ მომიპოვებია წარმატება. ყოველთვის ვიყავი უპარტიო და ვემსახურებოდი სახელმწიფოს და მთავრობას. ჯერ კიდევ, აფხაზეთში არძინბას მთავრობის პერიოდში დავინიშნე სახელმწიფო სამსახურში. მაშინ გამასამართლონ სეპარატიზმის მუხლით. მე ,,ნაციონალური მოძრაობის” პერიოდშიც ვმუშაობდი და იმის წინაც” – აცხადებს ზანგური.

ზანგურის ხელმძღვანელობის პერიოდში შემდეგი პედაგოგები გათავისუფლდნენ: ლამისყანის საჯარო სკოლიდან გოგი ბერიძე, მზია ტატუნაშვილი და მურად ქენქაძე. ოკამის საჯარო სკოლიდან – ელეონორა ჩიტაშვილი, ციალა ღუნაშვილი და ნარგიზა ენუქიძე. დოესის საჯარო სკოლიდან – გელა უხურგუნაშვილი და ნინო თათანაშვილი. ნინო თათანაშვილის გათავისუფლების თემაზე Qartli.gE-მ ვრცელი სტატია 2011 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნდა. სტატიას თან ის აუდიო-ჩანაწერი ახლავს, რომლის მიხედვით, დოესის სკოლის დირექტორი ბუღალტერს ნინო თათანაშვილის გათავისუფლების ბრძანებას ხელზე აბარებს და თან გათავისუფლების მიზეზებზე ესაუბრება. დირექტორი ბუღალტერს უხსნის, რომ გათავისუფლების შესახებ დავალება კასპის რესურსცენტრის უფროსისგან დავით ზანგურისგან მოდის, რაშიც განათლების სამინსიტროა ჩართული