ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რუსეთი არ დამარცხდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რუსეთი არ დამარცხდეს

„ომის მოგება ჯერ შორსაა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, იმედისმომცემი არაა და რუსები კვლავ პროგრესირებენ, ან უკრაინელებს არ შეუძლიათ ხელუხლებლად შეინარჩუნონ ხაზი. ასე რომ, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რუსეთი არ დამარცხდეს“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მისი თქმით, უკრაინა სრულად დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.

„უკრაინული ქარხნები არ მუშაობს. მათ არ შეუძლიათ იმ საბრძოლო მასალის წარმოება, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი შეიარაღება ჰქონდეთ. ახლა ისინი სრულად არიან დამოკიდებულნი იმ იარაღზე, რომელსაც დასავლეთი უგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, საკითხი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რისი გაკეთება შეუძლიათ და რა უნდა გააკეთონ მსოფლიოს დიდმა ინდუსტრიულმა ძალებმა“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა შეწყვიტონ ძალისხმევა, ვიდრე უკრაინა გამარჯვებას არ მიაღწევს და რუსეთი სტრატეგიული მარცხის წინაშე არ აღმოჩნდება.

„ამ ვალდებულების მისაღწევად, ჯერ კიდევ ბევრი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო. ის, თუ რამდენი რაკეტის გამშვები სისტემა აქვთ უკრაინელებს, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ტერიტორიის დაბრუნება შეუძლიათ მათ. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც უკრაინაა, თავისი ტერიტორიები დაკარგოს, მაშინ ყველას საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იქნება საკმარისად დიდი იმისთვის, რომ სრულიად უსაფრთხო იყოს“, - აცხადებს ლანდსბერგისი.