ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მიანიჭა

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მიანიჭა

ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე, ნატოს გაფართოებისა და ალიანსის შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსმა შეცდომა ჯერ კიდევ 2008 წელს დაუშვა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP-ი) არ მიანიჭა.

„მრავალი წლის წინ შეცდომა დავუშვით. პირველი შეცდომა 2008 წელს იყო, როდესაც ბუქარესტში ნატოს სამიტი გვქონდა, რომელზეც გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ. თუმცა ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ეს განხეთქილება ნატოს შიგნით არასწორი გზავნილი აღმოჩნდა პუტინისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო ასევე შეცდა 2014 წელს, როცა რუსეთს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, მსუბუქი სანქციები დაუწესა.