Bloomberg: დანია და ნიდერლანდები უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან

Bloomberg: დანია და ნიდერლანდები უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან

დანია და ნიდერლანდები უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ჯერჯერობით ეწინააღმდეგება უკრაინის განაცხადის მხარდაჭერას, ხოლო უმრავლესობა, მათ შორის იტალია, მომხრეა. ამასთანავე, გერმანია უკრაინისათვის პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ოფიციალური კოპენჰაგენი მიიჩნევს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას.

კოპენჰაგენი მიიჩნევს, რომ უკრაინა, ზოგადად, ძალიან ადრეულ სტადიაზეა, როდესაც საქმე ეხება მის მზადყოფნას, აიღოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ჩამოაყალიბოს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა ან გახდეს კონკურენტუნარიანი ერთიან ბაზარზე.

სააგენტო Bloomberg-ი ასევე იუწყება, რომ ევროკომისია უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისართა კოლეგიამ უნდა განიხილოს და მიიღოს, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პირობებს შეიცავს.