მათთვის [ოპოზიცია] მთავარი ის კი არაა, მივაღწევთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, არამედ მთავარია, რომ ეს პროცესიც გამოყენებული იყოს შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის. ყველა ნაბიჯს გადადგამენ, რომ რამენაირად ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას ისეთი დარტყმა მიაყენონ, რომ მერე მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად თითქოს გზა გაუიოლდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში საქართველო ლიდერი სახელმწიფოა.
„დღეს რომ ფარისევლურად იძახიან, რომ ALD-მ, ამ საპარლამენტო ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას და თურმე, ამაშია მთელი დამსახურება, რითაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მოიპოვოს. სინამდვილეში მთელი ეს ნარატივი ოპოზიციისა და მათთან აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნარატივია. რა თქმა უნდა, ეს ნარატივი ქმნის გარკვეულ აღქმებს, რასაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას პოლიტიკური ორომტრიალისგან დაცლილად განვიხილავთ, დავინახავთ რომ რეფორმებში რეალურად და ევროპის საკანონმდებლო სისტემასთან დაახლოებაში, ლიდერი სახელმწიფო ვართ. როგორც კი ჩავრთავთ ქართულ მედია პოლიტიკურ სივრცეს, დაინახავთ, რომ აქ სულ სხვა რეალობა გვაქვს. ეს არის სწორედ, რაც უქმნის ამ სურათს ევროპას. სწორედ ეს არის, რომ აქ გარკვეულწილად მუდმივად მიდის სჯა-ბაასი. ჩავერთოთ თუ არა ომში. რომ ეკითხები, არის თუ არა ის ამ ომში ჩართვის მომხრე, პასუხს ვერ გცემს. ეს ყველაფერი მიმართულია ერთი რამისკენ, მათთვის [ოპოზიცია] მთავარი ის კი არაა, მივაღწევთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, არამედ მთავარია, რომ ეს პროცესიც გამოყენებული იყოს შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის. ყველა ნაბიჯს გადადგამენ, რომ რამენაირად ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას ისეთი დარტყმა მიაყენონ, რომ მერე მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად თითქოს გზა გაუიოლდეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.