,,რასაც ვუყურებ, ეს ამბავი კლდიაშვილის (კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი – 2006 წლამდე, რედ.) დროინდელ პოლიციას მახსენებს, თუმცა რა გასაკვირია, სამმართველოში იმ დროინდელი პოლიციელები დააბრუნეს უკან და მუშაობენ” – ასეთი განცხადება ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა გორის შს სამმართველოს წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. წუხელ გვიან ღამით სტალინის სახლმუზეუმის უკან ახალგაზრდებს შორის მომხდარი კამათი, რომელსაც ადვოკატი ბესო კაიშაური წვრილმან ხულიგნობად აფასებს, პოლიციელებმა მათი დაკავებით, ფიზკური შეურაცხყოფით და გინებით დაამთავრეს.
,,შმაგის ქუჩაზე ვცხოვრობთ. პოლიციელები სახლში აგრესიული განწყობით მოვიდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და თან გვაგინებდნენ. დავურეკეთ ადვოკატს ბესო კაიშაურს, რომლის თანდასწრებით წაიყვანეს ბიჭები და შემდეგ ვიგებთ, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 353-ე მუხლით აღიძრა. ეს ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ერთ-ერთი მათგანი 3 წლის წინ უსაფუძვლოდ, ისევ იმ მუხლით დააკავეს და დღესაც იგივეს აგრძელებენ” – ამბობს დაკავებული ილია გიგაიას ძმა გიორგი გიგაია.
დავით გლავაცკი, ილია გიგაია და იოსებ დავითაშვილი, ამჟმად, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ეჭვმიტანილები არიან. მათმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ნათესავებმა პოლიციის სამმართველოს წინ აქცია გამართეს. ისინი საქმეში მონაწილე პოლიციელების მხილებას და წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვენ:
,,შეიძლება პოლიციელმა თქვას, რომ ჯიბიდან ხელი ამოიღე და არ ამოიღო, ან მანქანაში ჩაჯდომა გიბრძანოს და არ ჩაჯდე, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა? ხომ შეიძლება ყველაფერს თავის სახელი დაერქვას? ხულიგნობას – ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას – დარღვევა და ა.შ.” – ამბობს ადვოკატი ბესო კაიშაური.
ადვოკატის თქმით, ახალგაზრდები ,,სალობიეში” კამათს არ უარყოფენ. არც იმაზე აქვთ პრეტენზია, რომ თეფშის და ჭიქის გატეხვის გამო, დაისაჯნონ. ,,მაგრამ ასეთი მძიმე ბრალდებით? ეს ხომ ამ ახალგაზრდების გაწირვაა? ამ ბიჭების სახლთან რაც მოხდა, ეს მე ჩემი თვალით დავინახე. სხვას რომ ეთქვა, ამას არ დავიჯერებდი. პოლიციელები იდგნენ და აგინებდნენ ბიჭებს. ისინი კი პასუხობდნენ, რომ მათ პროვოკაციაზე არ წამოეგებოდნენ. დღეს თუ ეს ვაპატიეთ ამ პოლიციელებს, ხვალე უარესს გააკეთებენ” – აღნიშნავს ბესო კაიშაური, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის იურისტიცაა.
აქციის მსველობისას პოლიციის შენობის ფანჯრიდან ის პოლიციელებიც იყურებოდნენ, რომლებიც ახალგაზრდების დაკავებაში მონაწილეობდნენ – მათ შორის არსენ ახალკაცი და გაბინაშვილი. შენობიდან გამოსვლისას არსენ ახალკაცს ვკითხეთ იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან მოქალაქეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, პასუხად კი ფოტოაპარატის დაზიანების მცდელობა მივიღეთ. კამერა მან მანქანის კარებში მოაყოლა. სხვა პოლიციელები კი შენობის ფანჯრიდან აქციის მონაწილეებს ვიდეოკამერით ფარულად იღებდნენ.
Qartli.gE რესტორან ,,ძველ გორში” ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა. მათი თქმით, ახალგაზრდებს ერთმანეთში კამათი მოუვიდათ, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ,,დაცვის პოლიციის გამოძახების შემდეგ სიტუაცია დაშოშმინდა და დაიშალნენ. შემდეგ უკვე რა გაგრძელება მოჰყვა, ეს ჩვენ აღარ ვიცით. აქ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ჭიქების დამტვრევას” – გვითხრეს ,,სალობიეში”.
აღნიშნულ საქმეზე ადვოკატებმა სახალხო დამცველის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილიც ჩააყენეს საქმის კურსში. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, წუხელ გვიან ღამით, პოლიციელებმა სამზე მეტი ადამიანი დააკავეს. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებს ახალგაზრდების ცემაში და დევნაში ადანაშაულებენ.