ირაკლი ზარქუა: ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა, დანარჩენ ნაწილში თქვა, რომ პრეტენზიები ისევ აღქმებს უკავშირდება

ირაკლი ზარქუა: ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა, დანარჩენ ნაწილში თქვა, რომ პრეტენზიები ისევ აღქმებს უკავშირდება

ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო. მან სიტყვა რეჟიმი მკაფიოდ, ცხადად და სწორად გამოიყენა, დანარჩენ ნაწილში რაც ილაპარაკა და გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა, თქვა, რომ ეს ისევ აღქმებს უკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, თუ ვინმეს აღქმის საფუძველზე უჩნდება კითხვები, ეს მათი პირადი პრობლემაა.

ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის იმ განცხადებას, სადაც კრამონი აღნიშნავს, რომ იყო და არის სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მრავალი წელია, არის საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი და დროა, „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას, სიმართლეს.

„2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ვიოლა, ფოტიგა, კუბილიუსიც, არ უნდა გამოგვრჩეს, ეს ტრიო და კიდევ რამდენიმე, სულ ათამდე ევროპარლამენტარი ერთ ხმაში ამბობდა, რომ ეს იყო დემოკრატიის დასასრული საქართველოში, ადამიანის უფლებების გაუარესება, დიქტატურა, თუმცა როცა სტრასბურგმა თქვა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოში, სასამართლოში დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, შემდეგ ხმა არ ამოუღიათ და ერთმა თქვა, რომ ასეთი აღქმა ჰქონდათ. ქალბატონო ვიოლა, როცა სალომე სამადაშვილს და ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ მრბენელ კანდელაკს შეხვდებით, ამის შემდეგ გამოხვალთ და მათ გაახმოვანებთ, ისევ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, როგორც „რუსთავი 2“-ის თემაზე. 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში დემოკრატია დამყარდა და მოვიპოვეთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა. ასევე, შევძელით, რომ ნატო-სთან კიდევ უფრო ახლოს ვართ. თუ ვიღაცას აღქმის საფუძველზე უჩნდება კითხვები, ეს მათი პირადი პრობლემაა – საქართველოს ინტერესების დამცველი იყვნენ და არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები. საქართველოში ზუსტად იციან, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროსტრუქტურებს უკავშირდება და ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ ადამიანზე გადის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, ძალიან ცდება. როცა კრიმინალი დადასტურებულია სასამართლოს მხრიდან, მან პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება ზარქუა, გვარამია, თუ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება კითხვას, ნიკა გვარამიას დაკავება ხომ არ შეუშლის ხელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ზარქუა პასუხობს, რომ ევროკავშირი სწორედ კანონის უზენაესობაა, რაც ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს.

„როცა დააშავებ, მოიპარავ და დაგიმტკიცდება, ამაზე პასუხი უნდა აგო, ეს არის ევროკავშირი და ამისკენ მივდივართ. თუ ვინმეს აქვს მცდელობა, განსხვავებული ინტერპრეტაცია გააკეთოს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამას არ მივიღებთ. საქმის დეტალები არ იციან და აღქმებით გველაპარაკებიან ისე, რომ ქვეყანას ვნებენ. ევროკავშირში გაწევრიანებას თანმიმდევრულად და გააზრებულად მივყვებით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.