ვოლოდიმირ ზელენსკი:  დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება

დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უაზრო დაბომბვა... 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო იერიშები - ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ჩერნიგოვის რეგიონში, კერძოდ, დესნაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და ბევრი დაღუპულია.

ზელენსკის განცხადებით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებში.

მანვე აღნიშნა, რომ დონბასი მთლიანად განადგურებულია და რომ „ამ ყველაფერს არ აქვს და არ შეუძლია რაიმე სამხედრო ახსნა ჰქონდეს რუსეთისთვის“.

„ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი და საწარმო. სწორედ ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად და რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.