იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს.

ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადასცა.

გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყდეს, რაც შემდგომი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის გახსნის გზას. ამ ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დააკვირდებიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი, აშშ, ჩინეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ისრაელი.

შემდგომში იტალიის ინიციატივა ითვალისწინებს ფრონტის დემილიტარიზებას და უკრაინის საერთაშორისო ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვას. გარდა ამისა, მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება. მეორე ეტაპზე დისკუსიები მშვიდობიან კონფერენციაზე უნდა წარიმართოს.

მესამე ეტაპზე დაგეგმილია „ტერიტორიული საკითხების“ განხილვა უკრაინასა და რუსეთს შორის. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, უკრაინის შემადგენლობაში სრული ავტონომიის პირობებზე უნდა დაბრუნდნენ ყირიმი და დონბასი. ამ რეგიონებს ექნებათ სამართლებრივი გარანტიები ენობრივ და კულტურულ საკითხებში, სრული თვითმმართველობა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი უზრუნველყოფა.

მეოთხე ეტაპი შეიცავს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთს დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას შესთავაზებენ, რაც სანქციების ეტაპობრივი მოხსნის წინაპირობა იქნება.