თეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა

თეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა

დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ბაჩო ახალაიას არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ დანით ვაშლს თლიდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს განაჩენი და ფაქტები. დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ბაჩო ახალაიას არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ დანით ვაშლს თლიდა. შემდეგ იყო სააკაშვილის საქმე, რომელზეც თქვეს - რა დააშავა ამისთანა ამ კაცმა, პრეზიდენტი იყო და პიჯაკი ხომ უნდა ჰქონოდა? ამით ხდებოდა იმ სერიოზული ფაბულების გაუბრალოება, რაც ამ საქმეებში იყო. კერძოდ ის, რომ ბაჩო ახალაია არაადამიანურად ეპყრობოდა მოქალაქეებს. საერთაშორისო სამართალში არაადამიანური მოპყრობა და წამება - ეს არის ერთადერთი იმპერატიული, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. თუმცა არის სხვა ნორმებიც, რომლებიც ამასობაში დაეწია, მაგრამ ეს არის უპირველესი ფორმულა, რომელსაც უბრალოდ არ უნდა ხელყოფდეს არავინ. აი, ეს დაარღვია ახალაიამ. იგივე იყო სააკაშვილზეც, რომელმაც 13 მილიონამდე ლარის ხარჯი გასწია უკანონოდ პირადი და ოჯახური მიზნებისთვის. იგივეა ახლაც და მე მახსოვს, რომ როდესაც სტრასბურგში ვაწარმოებდით დავას „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რაც უფრო აჩქარებდა ქიბარ ხალვაში ტემპს საკუთარი კომპანიის უფლებების დასაცავად, ამის პირდაპირ პროპორციულად გვარამია და მისი დაჯგუფება სხვისი კომპანია „რუსთავი 2“-დან ახორციელებდნენ მისივე დაფუძნებულ კომპანიებში თანხების გადაქაჩვას. ის გარკვეულწილად იმზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის მიღმაც ჰქონოდა ლავირების საშუალება“, - აცხადებს წულუკიანი.