კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ჩეხ სენატორებს ქართულ მედიაში არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს 

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ჩეხ სენატორებს ქართულ მედიაში არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს 

კომუნიკაციების კომისიამ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ირჟი რუსიცკას კომუნიკაციების კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, ივანე მახარაძე და ნათია კუკულაძე შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედია გარემო იყო. კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ჩეხ სენატორებს მედიის მიმართულებით კომისიის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს. 

შეხვედრის ფარგლებში, მედიაში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობაზე.  ამ მიმართულებით მხარეებმა აქცენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს, რაც აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან აპროქსიმაციას გულისხმობს.