რუსეთის დუმას სპიკერი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ მებრძოლებზე: ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ

რუსეთის დუმას სპიკერი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ მებრძოლებზე: ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ

ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ, - ამის შესახებ რუსეთის დუმას თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ის დაეთანხმა ერთ-ერთი რუსი დეპუტატის, ანატოლი ვასერმანის განცხადებას, რომლის თქმითაც, „აზოვის“ მებრძოლების გაცვლას „კოლექტიური დასავლეთი უკრაინის გამარჯვებად გამოაცხადებს“, ამიტომ მათი გაცვლა უნდა აიკრძალოს. ვოლოდინმა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მითითება გასცა.

„ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია“, - აცხადებს დუმას თავმჯდომარე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა. უწყების თქმით, მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლითი პროცედურის მეშვეობით დააბრუნებენ.