ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს. ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.