ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთან და დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
ლევან კაკავას თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ მსხვილ რეგიონალურ პროექტზე, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები ,,სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.