ანაკლიაში აშენებული და შემდეგ ქარის მიერ წაღებული ხიდის კონსტრუქციები კასპის რაიონის სოფლების – ახალსოფლის და თეძმისხევს შორის განკუთვნილი ხიდის მასალის ნაწილები აღმოჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის კასპის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. კასპის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნოდარ ნატროშვილის განცხადებით, კომპანია ,,ხიდმშენის” თანამშრომლებმა ორი წლის წინ ამ ხიდის დემონტაჟი მოახდინეს და შემდეგ ანაკლიაში ხიდის ასაშენებლად წაიღეს.
თუმცა, იქ აშენებული სამი ხიდიან უცნობია, რომელს მოხმარდა ეს კონსქტრუქციები. კასპის ორი სოფელი კი ერთმანეთს საცალფეხო ხიდით უკავშირდება, რომელიც გადასასვლელად სახიფათოა.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯემალ სალხინაშვილის განცხადებით, 2011-2012 წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 10 000 ლარით, სოფელმა დაშლილი კონსტრუქციების ნაწილი ,,შეიძინა”, თუმცა პროექტის არარსებობის გამო, ხიდის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა: ,,ეს თანხა და მასალა არაა საკმარისი. საჭიროებს დამატებით სახსრებს და დღემდე ეს სოფლები ერთმანეთს ვერ უკავშირდება” – განაცხადა სხდომაზე სალხინაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის განცხადებით, სამუშაოები დიდ ხარჯებს მოითხოვს და, ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობა წელსაც გაითვალისწინებს მის აღსადგენად თანხებს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი ფიქრობს, რომ დანაშაულია, ჯერ ერთი, პროექტის არარსებობის პირობებში ხიდის აღდგენის სამუშაობის დაწყება, მეორეც მოსახლეობის დატოვება ხიდის გარეშე.
როგორც კასპის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი აცხადებს, ახალსოფელი-თეძმისხევის ხიდი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ის კომპანია ,,ხიდმშენს” გადასცეს. კომპანიამ ხიდი დაშალა და ანაკლიაში წაიღო. სოფელს, მხოლოდ, ნაწილი დაუტოვეს. გამგეობის ცნობით, დარჩენილი კონსტრუქციების ,,შესასყიდად” სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გადაიხადეს. ,,ბეტონის ნარჩენები კი ეკლესიას გადაეცა” – ამბობს ნატროშვილი.
პ.ს. ვიდეო-მასალის გავრცელების შემდეგ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იმ კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც სტატიაზე დართულ ფოტოზე გამოსახული ხიდი ააშენეს. მათი თქმით, კომპანიის მიერ აშენებულ ხიდთან კასპიდან ჩატანილ კონსტრუქციებს საერთო არაფერი აქვს. განმარტება გააკეთა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ ნატროშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომაზე მან კასპიცემენტთან დამაკავშირებელი აწ უკვე დაშლილი ხიდის კონსტრუქციები იგულისხმა, რომელთა ნაწილი ანაკლიაში წაიღეს, ნაწილი კი თეძმისხევში დაიტოვეს.