ნიკა გვარამია: გერმანიის ელჩი არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ “ოცნების” წარმომადგენელია – ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რა როლი ჰქონდა 20 ივნისის დარბევაში

ნიკა გვარამია: გერმანიის ელჩი არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ “ოცნების” წარმომადგენელია – ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რა როლი ჰქონდა 20 ივნისის დარბევაში

გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი, – ამის შესახებ „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„სანქციებთან დაკავშირებით საოცარი კომენტარები მოვისმინე მათ შორის ოპოზიციიდან. თურმე მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ. უკაცრავად, G7-ის შეხვედრაზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, ჩვენ რატომ არ ვართ? ეს რისი მანიშნებელია?“ – კითხულობს გვარამია.

მას საუბარი გადაცემის წამყვანმა შეაწყვეტინა და ჰკითხა, ამ თემაზე გერმანიის საელჩოს განმარტება თუ წაიკითხა, რაზეც გვარამია ასე პასუხობს:

„გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი. ეს იცის ყველამ. გერმანიის ელჩი 20 ივნისს, დარბევის დროს იყო პარლამენტის შენობაში და თანამონაწილეობდა. იცით, რომ მახასიათებს ხისტი განცხადებები, ზოგჯერ ვამლაშებ, ფორმას ვარღვევ, მაგრამ ჩემი ძლიერი მხარეც ეს არის და სუსტი მხარეც. გერმანიის ელჩი არის სამარცხვინო, ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს ჟურნალი „ბილდი”, უდიდესი ტაბლოიდი გერმანიაში, რომელმაც „მიწაში ჩადო” გერმანიის ელჩი. მას მძიმე პასუხისმგებლობა მოუწევს საკუთარი დედაქალაქის წინაშე, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რა როლი შეასრულა 20 ივნისის დარბევაში გერმანიის ელჩმა, რომელიც ერთადერთი იყო დიპკორპუსიდან, რომელიც პარლამენტის შენობაში მოხვდა და ზემოდან უყურებდა ადამიანების თვალების დათხრას. მერე განაცხადა, ვუყურებდი ამ ყველაფერს, პარლამენტის აღებას აპირებდნენ და ძალის გამოყენება მიზანშეწონილი იყოო. ხომ არ იცით, იქამდე სად იყო ელჩი? – რუსეთში! ხომ არ იცით, სად მუშაობს გერმანიის ელჩის ცოლი? – ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში. ამას ინტერესთა კონფლიქტი ჰქვია, მათ შორის ვენის კონვენციით. ეს კაცი გერმანიის თავის ტკივილია და გერმანიის სირცხვილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.