არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ არჩევნებშიც პოლიტიკური „ჟონგლიორობის“ გამო ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც ეს აქამდე იყო, ასე დასრულდება მათი პოლიტიკური აკრობატობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
იგი გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.
„სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. ამ ნების ინსტრუმენტად განიხილავენ საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას, რომელიც იქნება მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ეს არასოდეს გამოსდით და ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიმხრო უცხოეთში ვიღაც, თუნდაც შენი მეგობარი პოლიტიკოსი და იმის იმედი გქონდეს, ეს არის კოლონიალისტური აზროვნება, როცა ამომრჩეველს კი არ არწმუნებ, არამედ იმედი გაქვს უცხოელი პოლიტიკოსის, რომ ის სხვაგვარი ზეწოლით შეძლებს, გვერდი აუაროს ხალხის ნებას. უნდა გაიგონ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს“, - განაცხადა დავითულიანმა.