რუსეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ, "ანგარიშსწორებისთვის" ემზადება - ამის შესახებ ფინური გამოცემა Iltalehti იტყობინება.
გამოცემის ცნობით, მოსკოვმა შესაძლოა, ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. არსებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ფინელი პოლიტიკოსები უკვე გააფრთხილა "საპასუხო ზომების" შესახებ.
მედიაში განმარტავენ, რომ თუ ფინეთს რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას პარასკევს შეუწყვეტს, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ზოგიერთ ინდუსტრიას და სურსათის წარმოებას. ფინეთის მთავრობას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ფინეთი არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს რუსებისთვის გაზის საფასური რუბლით გადახდაზე.