ეს არის გამარტივებული შესაძლებლობა, რომ უკრაინამ დახმარება სრულად და ამომწურავად მიიღოს - პოლიტიკურ კონტექსტში ეს არის სრულიად ახალი ეტაპი ამ ომში, რაც ძალიან სერიოზულ უპირატესობას აძლევს უკრაინას, - ამის შესახებ საგარეო საკითხებში ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ „ლენდ-ლიზის“ კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწრაფად იმოქმედა.
„ლენდ-ლიზი“, თუ გავიხსენებთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას, ეს იყო ის ინიციატივა, რომელმაც რეალურად საბჭოთა კავშირს გაამარჯვებინა. ეს არის ის დახმარება, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ კომპლექსს - ფინანსურ რესურსებს და სამხედრო დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები აწვდიდა მოკავშირე ქვეყანას. ეს კონცეფცია იქნა გადმოღებული და დღეს ახალი „ლენდ-ლიზი“ არის უკრაინასთან მიმართებაში, რაც საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს, რომ მიაწოდოს უკრაინას ის დახმარება, რაც მას სჭირდება ომის წარმატებით დასრულებისთვის. დახმარების ცალკეული ეტაპები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე განახორციელა, მაგრამ თითოეულ ეტაპს სჭირდება გარკვეული ეტაპების გავლა, ხოლო ეს არის გენერალური კონცეფცია, რომელიც აადვილებს ამ დახმარების მიწოდებას, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე ანუ განსაზღვრულია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია მიაწოდოს არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ საჭირო რესურსები, ნედლეული, შეიარაღება და ამას უკვე აღარ სჭირდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ სრული ბიუროკრატიული პროცედურის გავლა, როგორც აქამდე უწევდა. ამიტომ ეს არის გამარტივებული შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინამ ეს დახმარება სრულად და ამომწურავად მიიღოს. პოლიტიკურ კონტექსტში ეს არის სრულიად ახალი ეტაპი ამ ომში, რაც ძალიან სერიოზულ უპირატესობას აძლევს უკრაინას.
ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რომ ომი 24 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 2 თვის თავზე „ლენდ-ლიზის“ კანონი იქნა მიღებული, ამ კონტექსტში დაგვიანებული არ არის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, დააგვიანა თუ არა დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ კი, დააგვიანა, რადგან რუსეთთან მიმართებაში პასუხი ჯერ კიდევ 2008 წელს რომ გაეცა, მაშინ ჩვენ არ მივიღებთ ყველაფერ იმას, რაც მივიღეთ 2008 წლის მერე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწრაფად იმოქმედა“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თუმცა სწრაფი დასრულების იმედი არ უნდა გვქონდეს.
მისი თქმით, რუსებს ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ, თუმცა მათი ხელისუფლება მზად არის კიდევ მეტი გაიმეტოს სასიკვდილოდ.
„დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში. რაც შეეხება ვადებს, სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ომი 1-2 კვირაში, ან 1-2 თვეში დასრულდება. უფრო ხანგრძლივი პროცესია, გამომდინარე რუსეთის ხელისუფლების იმ არაადეკვატურობიდან, რასაც ვხედავთ, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია პუტინი რეალობას და ატაცებულია თავისი აკვიატებული იმპერიული იდეებით და მზად არის, რომ საკუთარივე ხალხის სასაკლაო გააგრძელოს. რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ ამ ომში, მაგრამ მათი ხელისუფლება მზად არის, რომ კიდევ მეტი გაიმეტოს სასიკვდილოდ. შესაბამისად, ამ ვითარებაში ომის სწრაფი დასრულების იმედი არ უნდა გვქონდეს, თუმცა დღეს რასაც ვუყურებ, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს ვადები შემცირდეს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითაც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას.