ხატია დეკანოიძე მთავრობას მოუწოდებს, დაუშვან საერთაშორისო ექსპერტები და ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად

ხატია დეკანოიძე მთავრობას მოუწოდებს, დაუშვან საერთაშორისო ექსპერტები და ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მოუწოდებს მთავრობას, დაუშვან საერთაშორისო ექიმები მიხეილ სააკაშვილთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ჰუმანიტარული საკითხია, საიდანაც ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება და ქვეყნის დამოკიდებულება როგორ ვექცევით პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„რაც შეეხება დღევანდელ უმძიმეს სიტუაციას, რომლითაც ვხვდებით საქართველოს ისტორიულ პერსპექტივას, როდესაც ძალიან მალე საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს ევროპის ყველა დედაქალაქში და შემდეგ ბრიუსელმა უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება - ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მძიმე მდგომარეობით და ეს ეხება პირველ რიგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ უმნიშვნელოვანეს მდგომარეობას, რომელიც მას აქვს, სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. როდესაც პრაქტიკულად ყველა ჩვენი პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც თქვენ აქ საუბრობდით. ჩვენ დღეს მოვისმინეთ, წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკური ძალის განცხადებები. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და მათ შორის, საზოგადოების დამოკიდებულება, ქვეყნის დამოკიდებულება როგორ ვექცევით ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ინსტიტუტს - პრეზიდენტის ინსტიტუტს. ვართ საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუ ვართ საზოგადოება, რომელიც უკვე საქართველოს ციხეში პირდაპირ, ზუსტად თქვენი დამოკიდებულების გამო სიცოცხლეს უსპობს ადამიანს?

ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს კოლეგას - საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა, მეორე- ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის აცილება. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე - მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ და შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძვირფასო კოლეგებო, არ მოგწონთ, როდესაც იანუკოვიჩის რეჟიმს გადარებთ, მაგრამ შეგახსენებთ „ქეისს“ იულია ტიმოშენკოს შესახებ, როდესაც უკრაინის მაშინდელმა პროკურორმაც კი ვერ გაბედა იმის თქმა, რაც გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თქვა. ვერ გაბედა მაშინ იმის თქმა და დაუშვა საერთაშორისო ექსპერტები იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც ორი კვირა შიმშილობდა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს 50 დღეა, მას აქვს უმძიმესი მდგომარეობა. ასევე მოგიწოდებთ, ერთი ექიმი მაინც მოძებნეთ, რომელიც არ გააკეთებს თქვენი მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ რეალურად ისაუბრებს იმაზე, რა პოზიციაც ახლა თქვენ გიჭირავთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.