დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც რეალობას თვალს უსწორებს და სიმართლეს ამბობს - მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებას.
„სიმართლე არსად იკარგება, ფაქტი არის ფაქტი, ფაქტი კი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ყველაზე ქმედითად ეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც საქართველოში იღებს უკრაინელებს, იქნებიან ესენი ხელოვანები, თუ სხვა დარგის სპეციალისტები. ჩვენ ვიცით, რომ კერძო სექტორშიც ძალიან ბევრი უკრაინელი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანი დასაქმდა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, რათა ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაშიც დღეს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი იმყოფება, როგორღაც შევამსუბუქოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ეს არის რეალობა, რასაკვირველია, ოპოზიციისთვის რეალობა არის მწარე, რადგან მათ სურთ აქ სხვა რეალობა. ომის პარტიას სურს ომი და რასაკვირველია, მათ სურთ ასევ, რომ საქართველოსა და უკრაინის ხალხებს შორის ისე დაზიანდეს ურთიერთობები, რომ მათი აღდგენა გახდეს შეუძლებელი თუ არა, ძნელი, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არ დაზიანდეს და ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად ჩვენს ქმედებაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს და არ გადაუცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.