ევროკავშირთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ძალიან სამწუხარო პროცესებმა ეს ყველაფერი დააჩქარა, თუმცა ჩვენ მაინც ვვარაუდობდით, რომ 2024 წლისთვის ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო. იმედი გვაქვს, რომ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება პოზიტიური მზადყოფნა იმისთვის, რომ ჩვენს დაჩქარებულ ძალისხმევას შესაბამისი პასუხი გასცენ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რაც შეეხება მზადყოფნას, მზადყოფნისთვის არსებობს რამდენიმე კომპონენტი. პირველი, ეს არის დემოკრატიის დონე ქვეყანაში და რეფორმების მიმდინარეობა. ამ მხრივ მართლა მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს აბსოლუტურად ევროკავშირის კანდიდატობასაც და შემდგომ წევრობასაც. მეორე მხარე, როგორც წესი, არის ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკა უფრო დაბლა დგას ვიდრე ევროკავშირის თუნდაც ყველაზე ღარიბი ქვეყანა, თუმცა ევროკავშირთან გაწევრიანების გზა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ამის კარგ სიგნალს გვაძლევს პანდემიის შემდგომი პერიოდი საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა და დღეს, ჩვენ გვერდით მიმდინარე ომის მიუხედავად ეს ეკონომიკური ზრდა, მართალია შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს. მესამე კომპონენტი ასვე არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და თვითგანცდა, რომ ეს ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი სახელმწიფოს ადგილი ნამდვილად ევროპაში და ევროკავშირშია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.