ევროპის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციის და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით აღინიშნა. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ლიეტუვას ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, თსუ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, ვილნიუსის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი თომას დავულისი, დეკანის მოადგილე ჰაროლდას სინკუნასი, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც ლიეტუვის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო და ლიეტუვა არიან ევროპის, ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი. „პირველ რიგში მინდა საქართველოში ყველას მივულოცო ევროპის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ვეკუთვნით ევროპას, ევროპულ კულტურას, ევროპის აკადემიურ საზოგადოებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიზეიმოთ ერთობლივი პროგრამა სტუდენტებისთვის, რომლებიც გაიღრმავებენ განათლებას ვილნიუსის უნივერსიტეტში. ჩვენ ჩვენს მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ამ საკითხში. ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციურები, მივიღოთ განათლება, ევროპული გამოცდილება, რომ ჩვენი სახელმწიფოები უფრო უკეთესი გავხადოთ,“-განაცხადა ელჩმა. ანდრიუს კალინდრა მიიჩნევს, რომ სწორედ სტუდენტების თაობა, რომელიც ახალ პროგრამაზე ისწავლის, უკვე 15-20 წლის შემდეგ იტვირთებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოზე.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ჩვენს ქვეყანას პირველად აქვს ასეთი ოფიციალური სტატუსი, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი. თსუ-ში იმართება პრეზენტაცია პროგრამისა, რომელიც მომზადდა ვილნიუსის უნივერსიტეტთან ერთად. ეს არის ერთოლივი ხარისხი ევროპულ სამართალში. ეს არის მრავალწლიანი შრომის ნაყოფი და ჩვენს ახალგაზრდებს, მაგისტრანტებს მიეცემათ საშუალება, რომ ორი კვალიფიკაცია, ორი დიპლომი - თსუ-სა და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერისტეტის, მიიღონ,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თბილისისა და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი, ორმაგი ხარისხის პროგრამა სტუდენტებს აძლევს ორ ხარისხს ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის განცხადებით, ახალი პროგრამა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, რომ ორ წელიწადში ერთი ხარისხის ნაცვლად მიიღონ ორი. „ქართველი სტუდენტები დაიწყებენ სწავლას თსუ-ში ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპული კვლევების ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც საბაკალავრო საფეხურის დონეზე დამთავრებული აქვთ იურიდიული ფაკულტეტი, შეეძლებათ ჩაერთონ ორმაგი ხარისხის პროგრამაში, გაემგზავრონ მომავალ წელს ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; მოხდება სამაგისტრო ნაშრომების ერთობლივი დაცვა და სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს“,- აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, როდესაც საქართველოს ოფიციალურად გაცხადებული მიზანი აქვს დაუახლოვდეს ევროკავშირს, უნდა მოხდეს ევროკავშირის სამართლის ტრანსპოზიცია ქართულ კანონმდებლობაში, ქვეყანას ესაჭიროება ისეთი სპეციალისტები, რომლებმაც იციან კარგად ევროკავშირის სამართალი. „ეს პროგრამა იძლევა ამ შესაძლებლობას. სტუდენტები მიღებენ გაღრმავებულ ცოდნას ევროკავშირის სამართლის შესახებ. ვილნიუსის უნივერსიტეტმა სპეციალური გადასახადი დააწესა თსუ სტუდენტებისთვის და მათთვის სწავლის საფასური განახევრდა“,- განაცხადა ნინო ლაპიაშვილმა.
ვილნიუსის უნივერსიტეტის დეკანის თომას დავულისის თქმით, „ევროპის დღე არის ძალიან სიმბოლური, უკავშირდება ერთიანი ევროპის იდეას, თუ როგორ შეუძლიათ ძველ ერებს თავისუფლად გამოხატონ მხარდაჭერა, რათა იცხოვრონ ერთად მშვიდობიან სამყაროში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ამ დღეს გაცხადდეს ერთობლივი პროგრამის შესახებ, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს უქმნის სტუდენტებს. „ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს და მივცემთ სტუდენტებს შესაძლებლობას, რათა ისწავლონ ერთად, ისწავლონ ევროპული ერთობა, ევროპული სამართალი, ერთიანი მიზნებით - ეს არის თავისუფლება, სამართლიანობა და ეს არის მშვიდობა. ეს იქნება ჩვენი წვლილი ევროპაში და ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს მომავალის შექმნაში,“-განაცხადა თომას დავულისმა.
ორმაგი ხარისხის პროგრამის შექმნის თაობაზე შეთანხმება თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის 2022 წლის იანვარში გაფორმდა. სტუდენტების პირველ ნაკადს პროგრამაზე 2022-2023 წლისთვის მიიღებენ.