სამწუხაროდ, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობით არა ახლა, არამედ შემოდგომაზეც იყო მანიპულაციები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პენიტენციური სამსახური და მისი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან ყველა პატიმრის და რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ ეტაპისთვის, როგორც მათ განაცხადეს, მისი გადაყვანა არ არის საჭირო, თუ ეს საჭიროება დადგება, ვიცით, რომ ამის მზადყოფნაც იქნება. აქედან გამომდინარე ზედმეტი ინტერპრეტაციები საჭირო აღარ არის. სამწუხაროდ, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობით არა ახლა, არამედ შემოდგომაზეც იყო მანიპულაციები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია პატიმარი ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაიყვანასთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უარყო. მოგვიანებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა. მან დაადასტურა, რომ სააკაშვილი არსად გაუყვანიათ და რჩება პენიტენციურ დაწესებულებაში.