მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა - ეს არის გამოსავალი ყველასთვის, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის მისი პარტიის დაშლა სასჯელის ალტერნატიულ ფორმად უნდა განიხილებოდეს.
„სააკაშვილი სპეციფიკური ადამიანია და ტყვეობაში ვერ იკურნება. ჯანმრთელობისთვის მას თავისუფლება სჭირდება. ამისი სულ მჯეროდა. ამხელა პარტიის დაშლა ცოტა სასჯელია? მოდით ასე შევხედოთ - განსხვავებული სასჯელი დავაწესოთ. ნუ ვიქნებით ბანალურები და სულ დაჭერა ნუ გვგონია გამოსავალი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ„ და რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტი, იუსტიციის მინისტრმა უარყო.