"კალაძის მეგობრებისა" და "მილანის" სიმბოლური გუნდების შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოჯახთან ერთად დაესწრო. მატჩის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბერა ივანიშვილი წარსდგა.
„დღეს გაზაფხულის ბოლო დღეა და ჩვენი კახას საფეხბურთო კარიერის ბოლო დღე, მაგრამ მის ცხოვრებაში ახალი სეზონი -ზაფხული დაიწყება. ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვოთ,"-განაცხადა ბერა ივანიშვილმა. მან ეროვნულ სტადიონზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ბერას გამოსვლის შემდეგ გუნდები მოედანზე გავიდნენ. მეგობრული შეხვედრა „მილანის" უპირატესობით დამთავრდა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს საფეხბურთო კარიერის დასრულება მიულოცა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ ასევე მილოცვა მიიღო მილანის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისგან.