მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: თუ წარმოიშვება კონკრეტული დიაგნოზით კონკრეტული მკურნალობის პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: თუ წარმოიშვება კონკრეტული დიაგნოზით კონკრეტული მკურნალობის პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყველა პატიმრისთვის უნდა იყოს და არის კიდეც გარანტირებული. თუ წარმოიშვება კონკრეტული დიაგნოზით კონკრეტული მკურნალობის პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ მგონია, რომ ამ აქციებს დიდი გავრცელება ჰქონდეს. ამ აქციებზე მოსიარულე ადამიანებიც კარგად ხვდებიან, რომ პრობლემის გადაჭრა ახლა ძალიან იოლად არის შესაძლებელი. ამას სჭირდება შესაბამისი განწყობა მათივე მხრიდან. ოჯახის წევრებზე არ ვსაუბრობ - მათთვის ემოციური ფონი უფრო რთულია და არ მინდა, მათ მიმართ კრიტიკული ვიყო, მაგრამ რაც შეეხება მომხრეებს, მათ არ გამოსდით იმის დასაბუთება, თუ რატომ შეიძლება სწორ გზას წარმოადგენდეს აქციების გამართვა ან უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა. ვერ აჯერებენ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება თითქოს ერჩის სააკაშვილის. ეს ხომ აბსურდია და ყველა კარგად ხვდება ამას. ეს არის მიზეზის შექმნის სიმულაციის მცდელობა, რათა სააკაშვილი გათავისუფლდეს. ყველა ხვდება, რომ ეს ჯანდაცვის პრობლემა არ არის რეალურად. საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას. ხელისუფლების პასუხია, რომ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. უნდა მიუწვდებოდეს სააკაშვილს თუ არა ხელი ჯანდაცვის სერვისებზე? ეს არის აქტუალური საკითხი ახლა, და არა ის, რომ მას არ სიამოვნებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყველა პატიმრისთვის უნდა იყოს და არის კიდეც გარანტირებული. თუ წარმოიშვება კონკრეტული დიაგნოზით კონკრეტული მკურნალობის პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ კიდევ რამდენიმე ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში. არსებობდა ასეთი ცუდი პრაქტიკა, რომ ცალკეული პატიმრები მიმართავენ თვითდაზიანების მეთოდს, მაგრამ ეს არ ქმნის საფუძველს პირის გათავისუფლებისთვის. რამდენიმე თვის წინ თვალს ვადევნებდით შიმშილობის გამო გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლევების საჭიროება გაჩნდა და დროულად მოქმედებდა პენიტენციური სამსახურიც და იუსტიციის სამინისტროც. ყველა რისკს ზუსტად და რელევანტურად უპასუხეს - მაგალითად, გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, გლდანის სამედიცინო პუნქტში გადაყვანა და ა.შ. ახლა იგივე ვითარებაა: ცილის ნაკლებობაზე ითქვა. ლოგიკურია, რომ პატიმარმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ცილის მიღება. რამდენადაც ვიცი, ის ამას ეწინააღმდეგება. ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები და მომხრეები მოუწოდებდნენ მას ცილის მიღებისკენ, ისინი ამას არ აკეთებენ“, - ამბობს სარჯველაძე.