საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უჩვეულო არაა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა დამთრგუნველია, თუმცა იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მას უკვე დაუმტკიცდა, სასჯელი უნდა მოიხადოს.
„მგონი, ფაქტების დონეზე, განცხადებებით ჩანს, რომ პატიმარს აქვს დეპრესია და აქედან გამომდინარე, დახმარებას საჭიროებს, მათ შორის, ფსიქოლოგის დახმარებაც, რაზეც ის თავად ამბობს უარს და ამ დეპრესიის ფონზე, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. არსებობს განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს. რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა ყველა პატიმრისთვის დამთრგუნველია, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი - როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, ამას სასჯელი მოსდევს. მიხეილ სააკაშვილმა, დადასტურებულად, ორი დანაშაული ჩაიდინა - მან საქართველოს პარლამენტის წევრი აცემინა და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა. მას ეს ორი დანაშაული ჩადენილი და დამტკიცებული აქვს. ასე რომ, დანაშაულს სასჯელი მოჰყვება და ამ სასჯელის აღსრულებას გარკვეული დისკომფორტი აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობს, დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ შეთავაზებულ სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაიყოლიოს და არა პირიქით - წაახალისოს, რათა სამედიცინო სერვისის მიღებაზე უარი თქვას.
„რასაც ჩვენ ომბუდსმენის, ოჯახის წევრებისა თუ პოლიტიკური გულშემატკივრების მხრიდან ვისმენთ, არის მიხეილ სააკაშვილის წახალისება, გააგრძელოს შეთავაზებულ სამედიცინო სერვისზე უარის თქმა - არის იმედის გაჩენა მისთვის, რომ თუკი ის ამ გზას მიჰყვება, გაათავისუფლებენ. ამის ნაცვლად, ომბუდსმენი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები იმით უნდა დაკავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაითანხმონ. მას ფსიქოლოგის მომსახურება სჭირდება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.