ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან მოუწოდა უკრაინულ მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთ განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი - ადამიანები აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა რომ კიდევ ერთი ასეთი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის. მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ქვეყნებიდან რუსული პროდუქციის გატანის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული.