„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა სტატუსს მოიპოვებენ, თუმცა, აქვე, ამბობს, რომ შემაშფოთებელია ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ გაკეთებული „არცთუ დადებითი განცხადება“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან - უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ამ კუთხით, რამდენიმე არცთუ დადებითი განცხადება გაკეთდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ამიტომ, ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, გვაქვს იმის იმედი, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და სამივე ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის ძალიან კარგი პერსპექტივაა და ამის იმედი დავიტოვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის მიერ გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე შეავსო და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მას ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს პირადად გადასცემს.