რატი ბრეგაძე: მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ ამ პერიოდში სააკაშვილს 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით

რატი ბრეგაძე: მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ ამ პერიოდში სააკაშვილს 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, მტკნარი სიცრუეა.

„მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და, ბუნებრივია, მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პატიმარი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს უფლება ციხის მაღაზიაში შეიძინოს საკვები და მიიღოს ამანათები. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის მშიერი რჩება, ტყუილია და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, თუმცა ის შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს.