ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს

ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკალური არ გამორიცხავს, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს. აღნიშნულის შესახებ წიკალურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების ფონზე ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა, შესაბამისად, წიკალური დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია „რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.

როგორც ნუგზარ წიკალური აცხადებს, სავსებით შესაძლებელია, პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს, ხოლო შემდეგი ნაბიჯი იყოს, საკანონმდებლო ორგანოდან "საერთოდ გასვლა".

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავს და ვითარება, რომელიც ახლა არის შექმნილი "მკვეთრ გადაწყვეტილებებს მოითხოვს".

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ნელი სიკვდილით კლავს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიაჩნია. მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის მხარეს არიან, კლავენ მესამე პრეზიდენტს და არ შეჰყავთ სამედიცინო პერსონალი, რომ მის ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს - პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში ყოფნა, ამ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყოფნა, იმედები, რომ ამ ხელისუფლებასთან რაღაც ურთიერთობა გვექნება და ჩვენ ამას გადავწყვეტთ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშველიებით, ჩემი აზრით, ახლა მინიმიზებულია. ახლა არის მნიშვნელოვანი გადაწყევტილებების დრო და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობაშიც“ კიდევ ერთხელ გაიმართება დისკუსია - რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა, რას გვაძლევს ისეთ ურთიერთობებში ყოფნა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ და მხოლოდ როგორც დეკორაცია.

დიახ, ჩვენ ახლა გვჭირდება მკვეთრი ნაბიჯები. ეს ვითარება, რაც ახლაა შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან ექიმებს არ უშვებენ და პირდაპირ ამ ადამიანის სიცოცხლის ტორპედირება ხდება , მე ვფიქრობ, რომ მოითხოვს მკვეთრ გადაწყვეტილებებს და მათ შორის, მსჯელობა აუცილებლად უნდა იყოს იმაზეც, რამდენად შესაძლებელია ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობები გავაგრძელოთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ახლა კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მე პირადად არასდროს ვუჭერდი ამ პარლამენტში შესვლას მხარს - ეს არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და იყო გაყალბებული და ახლა, ამ მიზეზებს დაემატა ის მიზეზი, რომ სრულიად აშკარად რუსული პარტიაა დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ხოლო ის, როგორ ექცევა პუტინის პირად პატიმარს ხელისუფლება, კიდევ უფრო მიმყარებს იმ აზრს, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლება აღარ ტოვებს არც ერთ გზას, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებში გვქონდეს დისკუსია და ჩვენი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა მაშინ, ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ვუთხრათ, რომ ქართული დემოკრატია ვერ იარსებებს ისე, რომ ჩვენ არ შევხედოთ იმ საფრთხეს თვალებში, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნისათვის. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს ახლა ყველაფერი და ნაბიჯები იქნას აქეთკენ გადადგმული, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საკითხია, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„თუ ასე ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყველამ ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ რა შეიძლება მათ გაუკეთონ საქართველოს მოქალაქეს თუ ხელში ჩაიგდებენ და თუ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისე მოექცნენ როგორც მათ სურთ. უდავოდ ეს არის რაღაც ინკვიზიციის მეთოდები, „ვიშინსკის პროკურატურის“ მეთოდები და მე სულაც არ მიკვირს და ზუსტად ამიტომ არიან ისინი რუსული პარტია, რომ რუსული მეთოდოლოგია, რუსული საზოგადოების დამთრგუნველი ძალის გამოყენება მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ, გვჭირდება ჩვენ ახალი არჩევნები, ამიტომ გვჭირდება ჩვენ ქართველი ხალხის მხრიდან ნების გამოხატვა და ამიტომ გვჭირდება ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და არ ჩარჩეს რუსულ რეგრესსა და ჭაობში“, - აღნიშნა წიკლაურმა.