დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე დიდი შედეგი ადამიანის უფლებებისკენ, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისკენ აქცენტირებაა

დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე დიდი შედეგი ადამიანის უფლებებისკენ, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისკენ აქცენტირებაა

„ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე დიდი შედეგი ადამიანის უფლებებისკენ, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისკენ აქცენტირებაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობის 1%-დან 3%-მდე გაიზარდა და სწორად განხორციელებულმა პოლიტიკამ, მხოლოდ ერთი პროგრამით, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„როდესაც ისეთი მასშტაბის რეფორმები კეთდება, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, აქ გადამწყვეტი ფიგურა ჯანდაცვის მინისტრი არ არის, ის არის შემსრულებელი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რასაც ზოგადად მთავრობა იღებს. მე არ მინდა ჩამეთვალოს, რომ როდესაც ჯანდაცვაზე ვსაუბრობ, ირიბად მაინც ჩემ თავზე ვსაუბრობ - არამც და არამც“

2012-მდე ყოველთვის გვესმოდა, რომ ჯანდაცვა პრიორიტეტული იყო. შედარებისთვის, ციფრები გვეუბნება, რომ მშპ-ის 1% და უფრო ნაკლები იხარჯებოდა 2012-წლამდე ჯანდაცვაზე, შედარებისთვის ეს არის ავღანეთის და ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მსგავსი პროცენტი, ევროპაში 5%-ის ზევით იხარჯება. მაშინ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა ერთბაშად 60%-ით, ახლა უკვე 3%-ს ასცდა მშპ-ის რაოდენობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი და არა დარგობრივის. დარგობრივ მუშაობას ხელი უნდა შეეწყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალიზებულიყო. იმ დროს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობდა ჯანდაცვაში მხარდაჭერით, დანარჩენები მთლიანად ჯიბიდან იხდიდნენ ამ თანხას. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყების მერე ჩვენ ყოველ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვდით შეეფასებინა კვლევით ეფექტიანობა ამ პროგრამის. 2014-2015 წლებში კმაყოფილების ხარისხი 96%-ზე მეტი იყო, ხოლო ფინანსურად სახელმწიფოს მიერ 100 მილიონით მეტი დახარჯული თანხა მოსახლეობისთვის დაზოგილი 400 მილიონი აღმოჩნდა, იმდენად ეფექტურად ვითარდებოდა საყოველთაო ჯანდაცვა.

რაც შეეხება ჰეპატიტს, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი გამოდგა იმით [თუმცა მე თუ მკითხავთ იმსახურებდა ამას], რომ უპრეცედენტო რამ მომხდარიყო, რომლის შედეგიც ახლა არის, რომ 100 ათასი ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელიწადში სიცოცხლეს დაკარგავდა, ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ერთმა პროგრამამ, C ჰეპატიტის ელიმინაციამ 100 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს არის შედეგი რეპრესიული მმართველობის პასუხისმგებლობიანისკენ შეცვლის, აქცენტირება ადამიანის უფლებებისკენ, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისკენ და კონსოლიდირებული პოლიტიკური გუნდის მიერ განხორციელებული მართვა. ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს ყველაზე უფრო დიდი სიმდიდრე, შედეგი, რაც კი მივიღეთ ამ დროის განმავლობაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.