ჯეიმს აპატურაი: მადრიდის სამიტზე ველოდები ნატოს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის

ჯეიმს აპატურაი: მადრიდის სამიტზე ველოდები ნატოს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის

მადრიდის სამიტის დროს ველოდები, ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემი შემცვლელი, სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კალომინა მომავალ კვირაში იქნება საქართველოში. აქ ვიმყოფები ნატოს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი საქართველოსა და ევროპაში სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში“, - განაცხადა აპატურაიმ.

დღეს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში ახალ ამპლუაში წარდგება. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაციას წარუდგენს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.