ვახტანგ კაპანაძე:  ეტყობა, რუსეთს მართლაც დიდი პრობლემები აქვს რეზერვების გადაჯგუფებაში - საკმაოდ წარუმატებლად მიდის ფარული მობილიზაცია

ვახტანგ კაპანაძე: ეტყობა, რუსეთს მართლაც დიდი პრობლემები აქვს რეზერვების გადაჯგუფებაში - საკმაოდ წარუმატებლად მიდის ფარული მობილიზაცია

მეგონა, რომ რუსეთი გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელებას უფრო ადრე შეძლებდა, მაგრამ ეტყობა, მართლაც დიდი პრობლემები აქვს რეზერვების გადაჯგუფება - მობილიზებაში , - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკური ცენტრის „ჯეო ქეისის“ მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსეთმა ვერ შექმნა "დარტყმითი დაჯგუფება", რომ ერთიანად განახორციელოს შეტევა.

„ომი დღეს უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. დიდი ხანი ვიძახდით, რომ ოპერატიული პაუზის შემდეგ, რუსებს მოუწევდათ გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელება. მეგონა, რომ რუსეთი ამას უფრო ადრე შეძლებდა, მაგრამ ეტყობა, მართლაც დიდი პრობლემები აქვს რეზერვების გადაჯგუფება-მობილიზებაში. ჩემთვის როგორც ცნობილია, საკმაოდ წარუმატებლად მიდის ეს ფარული მობილიზაცია. უკრაინის ინფორმაციით, მხოლოდ 1% არის თანახმა უკრაინაში წამოსვლაზე. აშკარად ჩანს, რომ ვერ შეიქმნა ის დარტყმითი დაჯგუფება, რომ ერთიანად განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა. ალბათ, ეტაპობრივად დაიწყებს ამ რეზერვების შეყვანას“, - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა.

მისივე თქმით, რუსები ძალიან მონდომებულები არიან და „9 მაისისთვის ალბათ, ყველას ჩააწვენს პუტინი, რომ მარიუპოლი მაინც აიღოს ბოლომდე.“

კაპანაძემ ასევე შეაფასა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის ფაქტი.

მისი შეფასებით, რუსეთისთვის ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი.

„ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი რუსების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მართვის ხომალდი გაუნადგურა ქვეყანამ, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ ჰყავს - ასეთი რამ არ ყოფილა არსად. ხომალდი, რომლის ამოცანებში არ შედის სახმელეთო ობიექტებზე ზემოქმედება“, - აღნიშნა კაპანაძემ.

რაც შეეხება საკითხს, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, რას აკეთებს საქართველო და როგორ ემზადება, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ იგი ისურვებდა, უფრო მეტ წარმოჩენას, რადგან „ხალხსაც სჭირდება ეს, კითხვა არ დაიბადოს, „რას ვაკეთებთ?!“.