საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა უკრაინაში ვიზიტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეძლეს, უკრაინისთვის ერთიანი ძალისხმევა ეჩვენებინათ.
„სასიხარულოა, რომ ეს ვიზიტი ოპოზიციასთან ერთად განხორციელდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციული ნაწილი არ შეუერთდა ამ წამოწყებას, მაინც შედგა ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევის ჩვენება და დემონსტრირება ჩვენი უკრაინელი მეგობრების წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.