საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით, საქართველომ უკრაინის მეგობრობის განსამტკიცებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
„საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაამყარა ის ურთიერთობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პარლამენტის ეგიდით განხორციელებული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა და მასში ოპოზიციის თითქმის ყველა სუბიექტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.