კოკა კაციტაძე: სამოხელეო დანაშაულის პრევენციის მიზნით ქვეყანაში  საბჭო შეიქმნება

კოკა კაციტაძე: სამოხელეო დანაშაულის პრევენციის მიზნით ქვეყანაში  საბჭო შეიქმნება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის ინიციატივით, სამოხელეო დანაშაულის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საბჭო შეიქმნება, რომელშიც სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები გაერთიანდებიან. 

სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტს ამ დანაშაულზე დროული რეაგირება, მისი აღკვეთა, ეფექტური გამოძიება და ადეკვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განსაზღვრა წარმოადგენს.

„ჩვენი მიზანი იქნება, არამხოლოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, არამედ  ყველა იმ ხარვეზის იდენტიფიცირება, რომელიც სამართალდამცავების საქმიანობაში ვლინდება. 
სამსახურის მიზანი არ შეიძლება იყოს, მხოლოდ მომხდარ ფაქტზე რეაგირება, სანამ დანაშაული მოხდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა აქტიურ რეჟიმში უნდა ითანამშრომლოს ყველა სამართალდამცავ ორგანოსთან და მათ გააცნოს ყველა ის ტენდენცია, გამოწვევა და ხარვეზი, რომელიც მათ საქმიანობაში ვლინდება“ – განაცხადა  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

საბჭოს შემადგენლობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გაერთიანდებიან.

საბჭო 6 თვეში ერთხელ შეიკრიბება და უწყებებს ექნებათ ვალდებულება, ერთობლივი შეხვედრისას ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული სამუშაოს ანგარიში და შედეგები წარადგინონ. 

საბჭოს ფორმატში განხილული საკითხები უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, დაინახონ ობიექტური სურათი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ უწყებების გამართულ ფუნქციონირებასთან, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას დანაშაულის პრევენციის მექანიზმში.