ოპოზიცია ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია- ისინი ვერ ხედავენ თავის თავში რესურსს, რომ არჩევნების გზით რამე წარმატებას მიაღწიოს. ბოლო არჩევნები ბათუმსა და რუსთავში ამის ნათელი მაგალითია, გამომდინარე აქედან, გადაწყვიტეს, რომ რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღლა აწიონ და რამენაირად ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ბაკურიანის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
„ამ ჰიბრიდული ომის მეთოდებსა და ასე ვთქვათ, არეულობის სცენარების შექმნასა და განხორციელებაზე იყო სწორედ ეს შეკრება და ტრენინგი მიმართული. ჰიბრიდული ომი ხასიათდება ერთი რამით - ის იწყება ვერბალურად, ხორციელდება ვერბალურად, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი განცხადებები და ქმედები იყოს ისეთები, რომ დემოკრატიული კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადი არ იყოს. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფართოდ არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.